| იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 21:49 |
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“. კანონპროექტი განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციურ ღონისძიებებს და უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი ფორმებს, პოლიციაში სამსხურის გავლის წესს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილეს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისთვის, ქვეყნის თავდაცვასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს საგანგებო ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების შემუშავების მიზნით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად განსაზღვრულია: პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების მინისტრი და ფინანსთა მინისტრი. კანონპროექტის შემუშავება განაპირობა კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 10:42 |