აქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტს მასპინძლობს

 

downloadდღეს საქართველო პირველად მასპინძლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტს.

სხდომას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის წევრები შეაჯერებენ ურთიერთთანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და განიხილავენ მომავალ სამოქმედო გეგმებს.

კომიტეტი განიხილავს მოხსენებას - "რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში", რომელიც საბოლოო სახით ასამბლეის სესიაზე დამტკიცდება მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით. კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელებენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და პოლიტიკური კომიტეტის თანათავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ევროპარლამენტიდან, პოლიტიკური კომიტეტის თანათავმჯდომარე, შვედი დეპუტატი გუნარ ჰოკმარკი.

კომიტეტის წევრები მოუსმენენ მოწვეულ სტუმრებს: საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში,

გიორგი ბარამიძეს და ალექსი პეტრიაშვილს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. სხდომის დასრულების შემდეგ (18.30 სთ-ზე) გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება თანმიმდევრულად დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატისაგან თითოეული 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა - ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს.) ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა. ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს. ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.