აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ვიქტორ დოლიძის და გუნარ ჰოკმარკის ერთობლივი პრესკონფერენცია

DSC 5639აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა კონსტრუქციულად და ნაყოფიერად შეაფასეს კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, ვიქტორ დოლიძემ და გუნარ ჰოკმარკმა  სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით დეტალური გახილვისა და მსჯელობის შედეგად შემუშავდა იმ რეზოლუციის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც მაისის ბოლოს ბრიუსელში გამართულ  საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე მიიღებენ. 
დღევანდელ სხდომაზე აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტარებს საშუალება მიეცათ ღიად ესაუბრათ ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც, როგორც ქვეყნის შიდა ასევე საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით მრავლად არსებობს.
დოლიძის შეფასებით "ეს არის ევროპარლამენტარებთან ჩვენი ურთიერთობის დამყარების პირდაპირი არხი და ამ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ევრონესტის პოლიტიკური კომიტეტი კონცენტრირებულია ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კულტურული უსაფრთხოებისთვის სამხედრო "პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
"პოლიტიკური კომიტეტის მუშაობის პარალელურად, გაიმართა ორმხრივი  შეხვედრები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან, უმცირესობის ლიდერთან, კომიტეტის წევრებს ასევე ჰქონდათ საშუალება შეხვედროდნენ საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს და სხვა უმრავლესობის წარმომადგენლებს და ვფიქრობ მათ ძალიან კარგი საფუძველი აქვთ რეალური ანალიზი  გააკეთონ ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, და რომ ეს ყველაფერი აისახოს რეზოლუციაში, რომლის მიღებაც მაისის ბოლოს ბრიუსელშია დაგეგმილი. 
ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების თემატიკაზე და უნდა ვთქვა, რომ რეზოლუციის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემატიკას შეეხება, დაწყებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან და მისი დეოკუპაციის აუცილებლობიდან, დამთავრებული მთიანი ყარაბაღის პრობლემებით. 
ევრონესტი საკმაოდ მრავლისმომცველი ფორუმია, რომელზეც ასევე ისეთ საკითხებს განვიხილავთ, სადაც თანამშრომლობის კარგი საფუძვლები არსებობს, მაგალითად ჰუმანიტარულ, კულტურულ, ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ამ საკითხების რეზოლუციაში  ასახვის აუცილებლობაც აღვნიშნეთ დღევანდელ შეხვედრაზე", განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ. მან ასევე  მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან   და აღნიშნა: "ჩვენს მეგობრობას კარგი მომავალი ექნება, რადგან ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთო ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით".
აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარემ გუნარ ჰოკმარკმა მაღალი შეფასება მისცა დღევანდელ შეხვედრას და განაცხადა, რომ დეპუტატებს გულწრფელი, ღია დიალოგი და დისკუსია ჰქონდათ ყველა იმ საკითხის, იმ მოვლენების გარშემო, რაც  დღესდღეობით საქართველოში ხდება.  განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა და მისწრაფება, რომ  მიაღწიოს იმ კრიტერიუმებს, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად. თუმცა, როგორც სტუმარმა განაცხადა ეს კრიტერიუმები სულ უფრო და უფრო რთულდება, იმის მიხედვით თუ რამდენად უახლოვდებიან ქვეყნები ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით მან ხორვატიის მაგალითი გაიხსენა, რომელიც მალე გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა, რაც უფრო დაუახლოვდა ამ პოზიციას სულ უფრო გაურთულდა წევრობის კრიტერიუმების შესრულება. "ამით მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვისაც ასევე იქნება, რაც უფრო ახლო იქნება წევრობასთან, მით უფრო გართულდება პრინციპები, როგორიც  არის მაგალითად კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ეს კრიტერიუმები აუცილებლად იქნება შესასრულებელი. 
"ევროკავშირის წევრებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ახალი ქვეყნების ინტეგრაციასთან,  ევროკავშირის გაფართოებასთან   მიმართებაში  და სწორედ იმისათვის, რომ  არ იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან  უარყოფითი დამოკიდებულება, რეზისტენტულობა საჭიროა ამ ღირებულებების, ამ კრიტერიუმების შესრულება, არ განვიხილავ ახლო წარსულის მოვლენებს, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ განვითარდეს მსგავსი მოვლენები,  რადგან ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება ინტეგრირება. 
მოხარული ვარ მაისში განსახილველი ანგარიშის კოსტრუქციული და ნაყოფიერი  განხილვით. დოკუმენტში გამოხატული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი მკვეთრი მხარდაჭერა", განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა, რომელმაც  განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა როგორც ქართველ კოლეგებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს კომიტეტის მიერ გაწეული ნაყოფიერი მუშობისათვის.