|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალებათა ფარგლებში. აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საანგარიშო პერიოდში იყო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, (საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა მომზადებულია და წარედგინა პარლამენტის სპიკერატს) საქართველოს მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი, აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, მოქალაქეთა წერილებზე რეაგირება და სხვა.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში: აგრარულ საკითხთა კომიტეტში ჩატარებულია 9 საკომიტეტო სხდომა (მათ შორის ერთი გასვლითი სხდომა შირაქში), სადაც განხილულ იქნა 19 საკითხი. მათ შორის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით 15, საზედამხედველო საქმიანობის კუთხით 4. კომიტეტმა 5 კანონპროექტზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა “ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები”, რომელიც შემუშავდა კომიტეტში და მიზნად ისახავდა ერთის მხრივ ქართული ღვინოების და ღვინის ბრენდების ფალსიფიკაციისა და მიმსგავსების თავიდან აცილებას, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირის მიერ მიღებული ნორმებისა და ტერმინოლოგიების შემოღებას. წარმოდგენილი ცვლილებები ასახავს ქვეყნის მაშტაბით განხორციელებულ რეფორმათა მიმდინარეობას, რაც ხელს უწყობს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონი მიზნად ისახავს საკუთრების უფლების აღიარების პროცესის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, კანონმდებლობის სრულყოფის გზით დაინტერესებული პირებისთვის მოქნილი მექანიზმების შეთავაზებას და პრაქტიკაში გამოყენების შედეგად გამოვლენილი დამატებითი რეგულირების მოთხოვნების რეგლამენტაციას. ასევე საკუთრების უფლების აღიარების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.
განხილვის სტადიაშია კომიტეტის ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტი “სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”. სასოფლო-სამეურნეო იჯარის შესახებ კანონპროექტის მიღების მიზანია საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ცალკეულ ტერმინთა დაზუსტება “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” 597-ე მუხლში, რომელიც ეხება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის ქირის შემცირების მოთხოვნას. (განხილულია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით). კომიტეტმა გასვლითი სხდომა ჩაატარა დედოფლისწყაროში - შირაქში, რომელიც მიეძღვნა ალოობის წარმატებით ჩატარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას ქვეყანაში. მოწვეულ იქნენ და სხდომას ესწრებოდნენ ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წისქვილ-კომბინატების წარმომადგენლები, ფემერთა მიერ დაისვა საკითხი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კერძოდ:
ა) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე 100 ათასიანი ზღვარის მოხსნის თაობაზე; ბ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებულ მოგების გადასახადზე 100 ათასიანი ზღვარის მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა. კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა “ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან საქართველოს მიერთებას” იგი არის საერთაშორისო ლეგალური ინსტრუმენტი, რომელიც ოქმთან მიერთებულ ყველა ქვეყანას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მისგან წარმოებული პროდუქციის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება და უსაფრთხო გამოყენება.
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით მოსმენილი იქნა ინფორმაცია:
ა) სტიქიური უბედურების ზონებში (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა და სხვა) ფორსმაჟორული შემთხვევების დაზღვევის შესახებ; ბ) ალოობის ჩატარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ; გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის შესახებ; დ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების საქმიანობის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრები:
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის საშემოდგომო სესიაზე წარმოსადგენი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მეჩაიეობის რეაბილიტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (გამომდინარე საქართველოს პარლამენტის 2006 წელს მიღებული დადგენილებიდან). საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
აღნიშნულ პერიოდში: კომიტეტის ინიციატივით თბილისში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი-დეგუსტაცია სახელწოდებით “საქართველო მეღვინეობის სამშობლო”. 11-13 ივლისს ბაქოში გაიმართა მეჩაიეთა პირველი კონგრესი. აღნიშნულ ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის წევრმა, კორნელი კუკულავამ. ქართული ფირმების მიერ წარმოდგენილმა, როგორც მწვანე, ისე შავი ბაიხის ჩაის პროდუქციამ (ანასეულის, თერნალის, ტყიბულის ქობულეთის, ხონის ფაბრიკები) უმაღლესი კატეგორიის ექსპერტ-ტიტესტერთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. პარლამენტისა და კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა კომიტეტის მიერ მომზადებული მიმართვა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის აღსაკვეთად მსოფლიო პარლამეტების შესაბამისი კომიტეტების, დემოკრატიული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და ინვესტორებისადმი.
კომიტეტში განხილულია: 56 წერილი, მათ შორის 35 საქმიანი წინადადება და 21 მოქალაქეთა განცხადება. |