ბიძინა გეგიძე და ირაკლი აბუსერიძე: „მზიურის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს რაგბის სამყაროს“

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძისა და ფრაქციის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, პარლამენტში შეხვედრა შედგა სარაგბო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გასხვისების საკითხი, სადაც იგეგმება მაღალსართულიანი კორპუსების აშენება.
დეპუტატების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ სარაგბო კლუბების: „არმაზის“, „ხარების“, „ხვამლის“, „თბილისის“, „ლოკომოტივისა“ და „არმიის“ წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რაგბის კავშირს, სარაგბო ბაზის მოსაწყობად, თბილისის მერიისგან 1997 წელს გადაეცა, თუმცა, მიმდინარე წლის ნოემბერში რაგბის კავშირის მხრიდან ისე გასხვისდა, რომ სარაგბო კლუბებისთვის არაფერი უკითხავთ.
მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ რაგბის სამყაროს წარმომადგენლებს. როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და სარაგბო კლუბ „თბილისის“ დამფუძნებელმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა: „მზიურში მიწა გამოყოფილი იყო რაგბის განვითარებისთვის, ამიტომ ეს გარიგება იწვევს კითხვებს. მეორე მხრივ, ნოდარ დუმბაძის იდეა არ ყოფილა კორპუსების აშენება ბავშვთა ქალაქ „მზიურში“. ეს სივრცე მომავალი თაობების გაჯანსაღებას უნდა ემსახუროს და არა კერძო ინტერესებს“.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების აზრით, მზიურის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს რაგბის სამყაროს. რაგბისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ არ მომხდარა აღნიშნული მიწის ნაკვეთის აუდიტის მიერ შეფასება. ნაკვეთი გაყიდულია მიზერულ ფასად და აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის კავშირის მიერ ერთპიროვნულად და არა რაგბის სამყაროს სრული ჩართულობით. როგორც ყოფილი და მოქმედი რაგბისტები აცხადებენ, ისინი აღნიშნულ ფაქტზე გაჩუმებას არ აპირებენ და საკითხს ბოლომდე მიიყვანენ.