პარლამენტის ბიურომ 18-21 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიურომ მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მომავალ პლენარულ სხდომაზე ხელახლა დადგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხი. პირველი კენჭისყრა წინა სასესიო კვირას გაიმართა და ვინაიდან კანდიდატებმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს, კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობის თანახმად, ხელახლა გაიმართება.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზეც იმსჯელა. „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი შემდგომი განხილვისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.
ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკურ ჯგუფების - „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ მომართვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში“ თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, პაატა სალიას, სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის და ილია ინჯიას წარდგენის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კომისია 10 წევრისგან შედგება, რომელიც 8 წევრით დაკომპლექტდა, 2 ადგილი კი უფრაქციო წევრებისათვის არის დატოვებულია. მისივე განმარტებით, პარტია „საქართველოსათვის“, რომლის წევრებიც პარლამენტის მანდატებს ინარჩუნებენ, საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მუშაობის შემთხვევაში, ამ ვაკანსიის შევსებას შეძლებენ.
ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში.
ბიურომ ასევე ცნობად მიიღო მომართვები პარლამენტის რამდენიმე წევრის სხვადასხვა კომიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წარდგენის შესახებ.