საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2025
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე ხუთი ჟურნალისტი - გიორგი იაკობაშვილი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე და ბონდო მძინარაშვილი გამოკითხა.

გიორგი იაკობაშვილმა ისაუბრა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის Pressa.ge -ს შექმნისა და მისი მესაკუთრის შეცვლის ისტორიაზე.


მისი განცხადებით, Pressa.ge, რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თავად იყო, სააკაშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ მასალებს აქვეყნებდა, რის გამოც მათთან რეკლამის მიტანა „ნაციონალების“ მიერ აკრძალული იყო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან - რაიმე სახის გრანტის მიღება.

გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ მაშინდელი გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის მამია სანადირაძის შეთავაზების საფუძველზე, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ, Pressa.ge „კავკასუსის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ გაერთიანდა.


მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ „კავკასუს ონლაინისა“ და Pressa.ge-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე კომპანიას მფლობელი შეეცვალა.

ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა მისცა. მისი განცხადებით, „იბერიას“ პრობლემები 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაეწყო, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქება ახალ ხელისუფლებას არ მოსწონდა.


ვახტანგ ხუზმიაშვილის განცხადებით, 2004 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანიის შენობაში, ასევე გაზეთ „ახალ ეპოქაში“ და საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსში“, რომლებიც იმავე ჰოლდინგში შედიოდნენ, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, თითქოსდა „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოჩენილი სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეების აღმოჩენის გამო.


მისივე თქმით, როდესაც გაზეთ „ახალ ეპოქის“ თანამშრომლები სტამბაში მივიდნენ და დაბეჭდილი და დაპატიმრებული გაზეთის ნომრის გადაცემა მოითხოვეს, შენობიდან მათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.


როგორც ვახტანგ ხუზმიაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე თვეში ტელეკომპანია დაიხურა, „ომეგა“ ჯგუფის მფლობელებმა ტელეკომპანიის ლიცენზია დათმეს, სანაცვლოდ, კი „ომეგას“ ყველა სხვა ორგანიზაცია ამუშავდა.

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ ისაუბრა.


მისი თქმით, მას შემდეგ რაც მან კოლეგასთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს მიმართა, რომ ჟურნალისტები იყვნენ და ითხოვა აქციის დატოვების საშუალება მიეცათ, სასტიკად გაუსწორდნენ - დაახლოებით 2 მეტრის დისტანციიდან რეზინის ტყვიები ესროლეს და ხელკეტებით სცემეს.


როგორც ბექა სივსივაძემ აღნიშნა, პირადად მას ორმოცამდე ტყვია მოხვდა, მას შემდეგ კი, რაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გაიგეს, რომ ისინი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები იყვნენ კიდევ ერთხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს იყო გამიზნული შურისძიება სააკაშვილის მხრიდან“, - განაცხადა ჟურნალისტმა.


მისივე თქმით, 26 მაისს მიღებული სტრესის გამო რამდენიმე თვე ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, თუმცა სტრესისგან ბოლომდე დღემდე ვერ გათავისუფლდა.

დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გიორგი მამაცაშვილმა მისცა.


მისი განცხადებით, ბექა სივსივაძესთან ერთად, ისიც 26 მაისის აქციის გაშუქების მიზნით, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ორივე მათგანს აქციის დარბევის დროს იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც კი ვერ აუარა გვერდი. ჟურნალისტის განცხადებით, მაშინ მიღებულ ტრავმებს დღემდე მკურნალობს.


გიორგი მამაცაშვილმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სხვადასხვა მედიასაშუალებების დახურვის ფაქტებზე, მათ შორის, გამომცემლობა „სამშობლოს“ დახურვაზე. მისი შეფასებით, ყოფილი ხელისუფლების მიზანი იყო გაეჩუმებინა, აეკრძალა, დაეთრგუნა და ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა.


„2007 წელს გურამ შარაძის მკვლელობით ღიად დაიწყო მორალური შეტევა მედიასა და ცნობიერზე“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

მედიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე კომისიის სხდომაზე ასევე ისაუბრა ბონდო მძინარაშვილმა.


მისი განცხადებით, გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების ძალით გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და გაზეთების უმრავლესობამ, რომელთა რედაქციებიც იქ იყო განთავსებული, არსებობა შეწყვიტა.

„სააკაშვილს არ სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული და ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად იყო გაკეთებული არა მარტო გამომცემლობის მატერიალური ბაზის ხელში ჩასაგდებად და გასაყიდად, არამედ ეს იყო გაზეთებზე შურისძიება, რომ ისინი აღარ გამოსულიყო“, - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.


მისივე თქმით, წინა ხელისუფლება არა მარტო გაზეთებს, არამედ მისთვის არასასურველ ტელევიზიებსაც ავიწროებდა ლიცენზიებისა და სიხშირეების ჩამორთმევის გზით.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მორიგი სხდომა 21 მაისს გაიმართება.


„მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბარს ხვალ გავაგრძელებთ ბატონ ირაკლი რუხაძესთან ერთად, რომელიც ასევე ისაუბრებს ბიზნესის რეკეტზეც წინა ხელისუფლების პერიოდში. ამ თემას გავაგრძელებთ ასევე პარასკევის სხდომაზე, როდესაც ჩვენ „ტელეიმედის“ არხზე სპეცრაზმის შევარდნაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12 ივნისი 2025

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
12 ივნისი 2025

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
12 ივნისი 2025

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R