პარლამენტის მეგობრობის ჯგუფმა მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა მონტენეგროში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პირველი შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზდენკა პოპოვიჩთან შედგა.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მონტენეგროს გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებაზე, აგრეთვე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და პარლამენტის როლზე ამ კუთხით.
ვიცე-სპიკერის მიერ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გამოითქვა დაინტერესება მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტების წევრებთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში არიან: მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
