საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ“ მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ“ მხარი დაუჭირა.
დადგენილების პროექტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, დადგენილებით შეფასებულია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტი“.
„დადგენილების პროექტი ეხება პარლამენტის მხრიდან საკუთარი პოზიციის და შეფასების დაფიქსირებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ. აქტის, რომელიც უკვე თვეებია რაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში ტრიალებს და ზოგიერთი მისი ინიციატორის მხრიდან მცდელობა არის, რომ ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. აქტი, რომელიც თავისი დასახელებითაც კი აჩვენებს მისი შინაარსის ფარისევლობას, როდესაც სხვა ხალხზე და ამ ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმა წარმოდგენილია როგორც მეგობრობა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან არის მცდელობა, რაღაც ნარატივების მუდმივი გამეორებით ტყუილი აქციონ სიმართლედ. მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ სიცრუეზე დროული პასუხი. 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და მათ შორის დეზინფორმაციული პროპაგანდა, რომლის წინააღმდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წამალია მოგონილი, ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს ნებისმიერ ტყუილს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე. „მინდა, ამერიკელი კონგრესმენების გასაგონად ვთქვა, საქართველო, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2015-2021 წლების ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იყო ხუთეულში, რომელიც გვერდით დაუდგა აშშ-სა და მის ხალხს, როცა ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა დაემალა თავის პასუხისმგებლობას, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე წასულიყო ბრძოლაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებს - „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში.
- საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის" შესახებ
- საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის" შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადების თაობაზე