საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოხსენება პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე

პლენარული სხდომები 14 მაისი 2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოხსენება პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, დამსწრე სტუმრებო,

გილოცავთ თამარობას, ხსენებას ჩვენი უდიდესი მეფისა, რომელიც მმართველთაგან ყველაზე მეტად შეიყვარეს ჩვენმა წინაპრებმა მისი საქმეების გამო.

თითოეულ თქვენგანს ადგილზე დაგხვდათ წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის, სადაც თქვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ჩვენს განვლილ საკანონმდებლო თუ საზედამხედველო საქმიანობას, როგორც შინაარსობრივ ისე სტატისტიკურ ჭრილში.

თუმცა, დღეს მსურს წარმოგიდგინოთ არა მხოლოდ გასული წლის, არამედ მთლიანად მეათე მოწვევის პარლამენტის ანგარიში და აქცენტი გავაკეთო იმ პოლიტიკურ ფაქტორებსა და ქარტეხილებზე, რომელთან გამკლავებაც მოგვიხდა ყველას ერთად.

მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა. ამ კრებულის თითოეული, ყოფილი თუ მოქმედი წევრი უნდა ამაყობდეს საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით.

მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით. თუმცა, ყველაზე მეტად, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა. ამიტომაც იქცა განვლილი პერიოდი შემობრუნების წერტილად.

თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს, თუმცა შედეგად უფრო გამოწრთობილი, თავდაჯერებული და დაბრძენებული საზოგადოება მიიღეს.

იმისთვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შევძელით ეს, უნდა გავიხსენოთ თუ რა გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად.

რევოლუცია, მცდელობა N 1 – „პარტიების რევოლუცია“

ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად და პირდაპირ იღებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება. თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ნაცმოძრაობის ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის.

მაშინ, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტის პოლიტიკური გუნდი არჩევნების გაყალბების მითის ბოლომდე გაბათილებით იყო დაკავებული, 2021 წლის თებერვალში ვიხილეთ გიორგი გახარიას შესრულებით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც, ჯერ ერთ დღეს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა კატეგორიულად მოითხოვა, მეორე დღეს კი, როცა დაპირებისამებრ ეს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა ერთი სელფი გადაიღო და წავიდა, რაც წარმოსახვით ალამუთში გამაგრებული რადიკალების ცეცხლზე ნავთის დასხმა უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის თითქოს ამოუხსნელ ნაბიჯზე პასუხი საზოგადოებამ სულ ახლახან, საგამოძიებო კომისიის მიერ მისი გამოკითხვის შედეგად მიიღო, როდესაც მას, ტყუილის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მოუწია ეღიარებინა, რომ სახელმწიფოს, ამომრჩევლის, პოლიტიკური გუნდის ღალატის ეს აქტი, რომელსაც ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოეწვია, ერთ-ერთ ელჩთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

საბედნიეროდ, მისი და მისი მრჩევლის გათვლა, ამჯერადაც მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, აშკარა გახდა, რომ ზეწოლა კიდევ უფრო სახიფათო ფორმებს მიიღებდა. სწორედ ამიტომ, 2021 წლის გაზაფხულზე ქართული ოცნება დათანხმდა შარლ მიშელის შუამავლობით წარმართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც პარტიების მცირე ნაწილთან შეთანხმებით დასრულდა.

სხვათა შორის, „19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა ნიშანდობლივი ფაქტორიც. აღმოჩნდა, რომ მედიატორად მომუშავე ევროპელი და ამერიკელი მეგობრები საკუთარ მანდატს თავისებურად აღიქვამდნენ და მათი მიზანი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ორ მხარეს შორის შუამავლობა. შეთანხმების ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, მაგალითად გენერალური პროკურორის არჩევისთვის კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ ენჯეო არ ითხოვდა. როდესაც ეს პუნქტი შეთანხმების პროექტში ამოვიკითხე, იქვე დავუსვი კითხვა მედიატორებს, თუ ვისგან მოდიოდა ეს საკითხი. პასუხად დუმილი იყო. მოგვიანებით ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს და ენჯეობსაც ჩავეძია. ყველა უარყოფდა, რომ მათ ეს მოთხოვნა დააყენეს. ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომ ის ვინც თავს მიუკერძოებელ შუამავლად გვაჩვენებდა, სინამდვილეში საკუთარი დღის წესრიგით მოქმედი პოლიტიკური აქტორი იყო. ეს ეპიზოდი უცხო გავლენისა და ინტერესის კარგად დოკუმენტირებულ შემთხვევად იქცა, რომლის მომსწრეც და მონაწილეც თავად ვარ.


რევოლუცია, მცდელობა N 2 – „მედიამუშაკთა რევოლუცია“

შეთანხმების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის მთავარმა ბირთვმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე, რითიც გააგრძელა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი და კრიზისული ვითარების ესკალაციის მცდელობა, რომლის გამოყენებაც სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ, ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ივლისის ბოლოს „19 აპრილის შეთანხმება“ დატოვა და საარჩევნო კამპანია დაიწყო.

აპრილისა და აგვისტოს შუალედში საზოგადოებრივი განხეთქილება მორიგ ჯერზე სცადეს უმცირესობების უფლებათა თემის მანიპულაციით, ლგბტ მარშებით, რაც ძალადობრივ პროცესში გადაიზარდა, ხოლო რუსთაველის პროსპექტის ავანსცენაზე პოლიტიკურ აქტივისტებად ქცეული მედიამუშაკები გამოჩნდნენ. 2020 წელს ჩავარდნილი პარტიების რევოლუცია 2021 წელს მედიამუშაკთა გუგუნმა შეცვალა.

მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებისა, 43%-იანი ბარიერი, რომელიც უნდა გადაელახა ქართულ ოცნებას 2021 წლის არჩევნებზე, სიმბოლური თამასის მნიშვნელობას მაინც ატარებდა. ყველას გვახსოვს როგორ მოაწერინეს უკვე ანულირებულ შეთანხმებაზე, ანუ ფარატინა ქაღალდზე ხელი ნაციონალურ მოძრაობას, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის მასინდელ ელჩს, სავარძელში მედიდურად ჩამჯდარს, ვიდეომიმართვით ერისთვის ეცნობებინა, რომ შეთანხმება ახლა სრულად ძალაშია და ბარიერის დამოკლეს მახვილიც ჰაერში ჩამოჰკიდა.

რევოლუცია, მცდელობა N 3 – „არაჟნის რევოლუცია“

ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებდა, რომ ქართულ ოცნებას ხალხის ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონდა და ადგილობრივ არჩევნებსაც დამაჯერებლად იგებდა. ამიტომ, ახალმა რევოლუციურმა გეგმამაც არ დააყოვნა. ქართულმა სახელმწიფომ უცხო სპეცსამსახურებისა და მათთან მოთანამშრომლე შიდა ძალების მიერ დაგეგმილი და შესრულებული დარტყმა მიიღო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით, შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური პროცესის დაწყების სცენარი. ფაქტების ქრონოლოგიისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში შემოპარვამდე ორი დღით ადრე სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა.

რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებმა სააკაშვილი არჩევნების წინა ღამეს დააკავეს. მავრმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუმცა მავრი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა. არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ მორიგი ისტერია დაიწყო სააკაშვილის გამოგონილ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოსდა შიმშილობის გამო ემუქრებოდა. იწერებოდა წერილები, ეწყობოდა აქციები, უცხოელი ელჩები ცრუ დემარშებით და ფატალისტური კითხვით - „და, რომ მოკვდეს?“ - ცდილობდნენ მთავრობის შანტაჟს, სააკაშვილის კურატორი ბალტიელი ევროპარლამენტარები მართავდნენ დებატებს, იღებდნენ რეზოლუციებს და ძვრებოდნენ ნემსის ყუნწში, რათა ხელისუფლებაზე უკანონო ზეწოლით სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან დაეხსნათ და განზრახული რევოლუცია ხახვივით შერჩენოდათ. თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სააკაშვილი ჰიპოკრატეს ფიცს გადაბიჯებული ექიმების მიერ დასმული დემენციისგან სასწაულებრივ განიკურნა და მშვიდად აგრძელებს მისი კანონიერი სასჯელის მოხდას.

თუმცა, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი სააკაშვილის ფიგურა? რატომ იყო ასეთი საჭირო მისი მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება? ადგილობრივ არჩევნებზე დაწყებულ პროტესტს და რევოლუციას რა როლი უნდა ეთამაშა უფრო დიდ რეგიონალურ სურათში? ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სასოწარკვეთილი რევანშისტული მცდელობა თუ რაღაც უფრო მეტი?

ამ კითხვებზე პასუხი სააკაშვილის ჩაშლილი რევოლუციიდან სამ თვეში გახდა ცნობილი. 2022 წლის 24 თებერვალს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების სისტემები, თავდაცვის არქიტექტურა, ზუსტად ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა. დასავლეთი და რუსეთი ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ ჩართული.

საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა, რას ნიშნავდა ეს ომი საქართველოსთვის. დაწყებული ომის მასშტაბი სულ იოლად გადმოგვწვდებოდა და რუსული ტანკი არაერთხელ გაკვალულ გზას კიდევ ერთხელ გამოივლიდა. რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში, რამშტაინის ფორმატში, ბოლომდე დატოვა დიპლომატიური მისია კიევში, დაგმო ომი და დადგა მშვიდობის მხარეს.

ზუსტად ამგვარადვე, პირველივე დღეებში გაიხსნა დესტრუქციისა და დივერსიის ცეცხლი. მივიღეთ რადიკალური ოპოზიციის მორიგი საპროტესტო ტალღა მოთხოვნით, გავაგზავნოთ მოხალისეები უკრაინაში, დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს, ჩავკეტოთ ცა, შემოვიღოთ ვიზები, მოკლედ, წავიდეთ სრულ და უპირობო ესკალაციაზე.

ჩვენ წინ აღვუდექით იმ ერთობლივად შემუშავებულ და გაზიარებულ სამოქმედო გეგმას, რისკენაც, სხვადასხვა არხების გამოყენებით, ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი „კეთილისმსურველები“. დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები, ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი ენჯეოები - "გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა", "თუ საომარია, უნდა ვიომოთ", "დადექით ისტორიის სწორ მხარეს", "ბომბების ცეცხლი სჯობს სირცხვილისგან წვას", "მერე რა, თუ ომი დაიწყება, რუსეთი სრულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ" - იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო.

ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ?

ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?

აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია.

სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახამრებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის.

ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია? ხომ მოხდებოდა აქ კურსკი? ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი?

ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში.


რევოლუცია, მცდელობა N 4 – „ენჯეოების რევოლუცია“

ჯერ კიდევ პირველი იერიშების მოგერიების რეჟიმში მყოფმა უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მის მაგალითს შექმნილ ვითარებაში მოლდოვამ და საქართველომაც მივბაძეთ. 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ წევრობის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი, რომელიც ყველა პარამეტრით ორივე ქვეყანას უსწრებდა და დღემდე უსწრებს, უსტატუსოდ დატოვა. ერთადერთი შედეგი, რაც ამ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ მოიტანა, ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ და საომარი დღის წესრიგის სასარგებლოდ რადიკალური მოძრაობის წახალისება იყო.

პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, რუსთაველის სცენა ამჯერად ენჯეოებმა დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა. წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები, რომელთა შესახებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ეწერა, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები და ყველაფერი მათი მონაწილეობითა თუ შეფასებით უნდა გაკეთებულიყო. მათაც, ამ წაქეზებით გათამამებულებმა, არ დააყოვნეს და მოითხოვეს - პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა, ხოლო ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს ენჯეოების მონაწილეობით, სადაც მათ ვეტოს უფლება ექნებოდათ. ენჯეოები, რომლებიც, ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც აცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა.

თუმცა, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ხელისუფლებისთვის ბრძოლის სცენაზე აყვანა, დონორებისთვის ჩვენნაირად გახსნილი ქვეყნისთვისაც კი, უკვე მეტისმეტი იყო. არაერთ შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვა მხოლოდ ბუღალტერია არ არის და დონორებმა მათი დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა კი დაფინანსების გამჭვირვალობასა და ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებაში იყო. თუმცა პასუხად ყრუ კედელს ვაწყდებოდით. დონორები კონცენტრირებული იყვნენ საკუთარ გეგმებზე, ქართველი ხალხის წუხილი კი მათთვის მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა.

რევოლუცია, მცდელობა N 5 – „დონორების რევოლუცია“

დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა. არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის მოლოტოვის კოქტეილით დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას - ომი. მაგრამ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო.

სწორედ ამიტომ, 2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია, უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.

კოლექტიური ნაცმოძრაობა, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში.

ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესბზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც ქართული ოცნება განასახიერებს.

საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.

ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის.

ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ.

მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა.

ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება.

ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12 ივნისი 2025

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
12 ივნისი 2025

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
12 ივნისი 2025

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R