
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა.
მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის, ნიკო თათულაშვილის განცხადებით, ანგარიში მომზადებულია იმ სამოქმედო გეგმების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ამტკიცებენ.
მისი თქმით, ანგარიში 8 თავისგან შედგება, რომლებიც შეეხება შემდეგ საკითხებს: ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავება; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულება; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა; დასაქმების ხელშეწყობა; განათლების უფლების ხელმისაწვდომობა; კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა; სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება.
ნიკო თათულაშვილმა კომიტეტის წევრებს აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის შარშან სპეციალური პაკეტი მოქმედებდა, რომელიც მოიცავდა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, გეგმურ ოპერაციებს, ონკოლოგიურ მკურნალობას, ინფექციური დაავადებების მართვას, რეაბილიტაციას, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სტომატოლოგიურ მომსახურებას.
„2025 წელს პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელი ამოქმედდა, რომელიც მოიცავს პრევენციულ, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს. დამატებით 120 მილიონი ლარია ამისთვის გათვალისწინებული შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი. 2025 წლის მდგომარეობით, აკრედიტაცია გაიარა ქვეყნის სტაციონარული დაწესებულების 86%-მა, რაც მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მრავალფეროვანი სოციალური და სამედიცინო პროგრამები, რომლებიც ეხება სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ბინის ქირას, მიზნობრივ ფულად დახმარებას, უფასო სასადილოთი სარგებლობას, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებას, უფასო ტრანსპორტირებას, რეაბილიტაცია/აბილიტაციას, პერსონალურ ასისტენტს, შინ მოვლის სერვისებს და დამხმარე საშუალებებს. მხოლოდ თბილისის მერიის სერვისებით 9 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა. ასევე, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს 20 დაჭრილ/დაშავებული მოსამსახურის 30 საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურება განხორციელდა“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის: ბიოფსიქოსოციალური მოდელის გამოყენებაზე, პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე, მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე, შშმ პირთა საპარკინგე ნიშნების არაკეთილსინდისიერ და არამიზნობრივ გამოყენებაზე, შშმ პირთა დასაქმებაზე, მედიკამენტების მისაწვდომობაზე და სხვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.