
„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და მასში დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა; კაბინები, ასევე, აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები შეიცვალა დიოდური სანათებით; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; მოძველებული მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით; განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.
უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება.