
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, დღეს მოქმედი რედაქციით, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევს 90-დღიან ვადას განუსაზღვრავს სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად.
ლევან მაჭავარიანის განმარტებით, კანონით ასევე განსაზღვრულია, რომ ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით მშენებლობის განხორციელებისას გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით დაკონკრეტდება ის მშენებლობები, სადაც აღნიშნული შეღავათები გავრცელდება და კანონპროექტის მიღების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უკანონო მშენებლობები მაქსიმალურად შემცირდება.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. ცვლილებების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ახალი კატეგორიის ნებართვები შემოდის, რის შედეგადაც, საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება და ამასთან, საქართველოს მოქალაქეები დაცულნი იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან.
საკანონმდებლო ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა. კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ისაუბრა.
მაია ბითაძის განმარტებით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ 2025 წელს კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ იქნა აკრედიტებული, რომლის საერთო შემოწირულებები 22 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდი საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი კლიმატთან ადაპტაცია და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაა.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ გრანტის მიმღებად და გამცემად ასახვით, ის უფლებამოსილი იქნება, პირდაპირ მიიღოს თანხები კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდიდან და ასევე, დააფინანსოს სხვადასხვა პროექტი, რომელიც მწვანე ეკონომიკასა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და შერბილების საკითხებს მოხმარდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილების პროექტს. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების თავები დაკონკრეტდება და ახალი სფეროები დაემატება. მისი თქმით, ხელშეკრულებას ორი ახალი მიმართულება - ინვესტიციები და ელექტრონული კომერცია ემატება, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.