საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზედაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები განიხილეს.

უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმაზე მსჯელობისას ყურადღება იმ ღონისძიებებზე გამახვილდა, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება.

კომიტეტის წევრებმა შეხვედრაზე კითხვა-პასუხის ფორმატში განიხილეს როგორც რეფორმის მიმდინარეობა, ასევე ის საკითხები, რომლებიც მომავალში საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. აღინიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებისა და გამოწვევებზე დროული რეაგირებისთვის.

საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, რეგიონული განვითარების ხელშეწყობასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შეფასების მექანიზმებს. შეხვედრისას კომიტეტის წევრებმა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

„დღევანდელი სამუშაო შეხვედრა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას ეძღვნება. ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული რეფორმაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრის ფორმატი შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები და იმ გამოწვევებზე ვისაუბროთ, რომლებიც განათლების რეფორმას უკავშირდება.

ღია, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს. ამ რეფორმის განხორციელების პირველივე ეტაპზე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე შევქმენით მნიშვნელოვანი საფუძველი. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპია“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგს და შესაბამის უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ზემო აჭარაში გამართულ გასვლით სამუშაო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდნენ.