საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2026
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს.

 

საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

 

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით.

 

ცვლილებების მიზანი მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რომლის საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდება ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში რეგისტრირებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და მათი გადამუშავება მხოლოდ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით.

 

აღნიშნული საქმიანობა სავალდებულო ლიცენზირებას, რისკების შეფასებასა და სახელმწიფო ზედამხედველობას დაექვემდებარება.

 

საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.

 

ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ აკრძალული რჩება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია, საბაზრო ქსელში განთავსება, იმპორტი (გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა) და რეექსპორტი.

 

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „გარემოს დაცვის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.