
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე, დაჩქარებული წესით, ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით.
კერძოდ, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და მათი გადამუშავება მხოლოდ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით.
აღნიშნული საქმიანობა სავალდებულო ლიცენზირებას დაექვემდებარება. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულ იმ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში არის რეგისტრირებული. ამასთან, კვლავ დაუშვებელი იქნება ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ზედამხედველობას დაექვემდებარება, რაც მკაცრი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს ცხოველის საკვების წარმოების მიზნით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე.
გარდა ამისა, ფართოვდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში ასახული ინფორმაციის ფარგლები და ზუსტდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები იმპორტის კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში.