
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, თემატური მოკვლევის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განათლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე გავეცანით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის. ვფიქრობ, გამოწვევების ადგილზე გაცნობა მნიშვნელოვანია მათ გადასაჭრელად ეფექტიანი მექანიზმების შესამუშავებლად,” - განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა ხათუნა კვიციანმა.
თემატური მოკვლევა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.