საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 03 ივნისი 2025
გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს - მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვს, თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არზუ ნაგიევს და ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებთან საუბრისას, ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების შექმნის შესაძლებლობები განიხილა. მხარეები აღნიშნულ ინიციატივას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარებისა და მათ შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას, რომელშიც მილი მეჯლისის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის და თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეები შედიან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი დაესწრნენ.