
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში სტუმრად მყოფ ლაგოდეხის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებს პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებით დაინტერესდნენ.
„შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა განათლების სისტემის საკითხებზე ინტერესი გამოთქვეს. ახალგაზრდებსა და პარლამენტის წევრებს შორის მსგავსი შინაარსის შეხვედრები საინტერესო და მნიშვნელოვანია და ჩვენ მათთან შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.