
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ 2020 წლიდან დღემდე საკონსულტაციო ჯგუფს თავისი ფუნქცია არ შეუსრულებია.
„მაგალითად, 2020 წელს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ფაქტობრივად უარს ამბობდნენ სხდომებში მონაწილეობაზე. შესაბამისად, არსებულმა მოცემულობამ განაპირობა ის, რომ საკონსულტაციო ჯგუფის არსებობის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი პრაქტიკაში გამოუყენებლობის გამო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.