საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულებაში ცვლილება და საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს

მედია და საზოგადოება 14 აპრილი 2025
კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულებაში ცვლილება და საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს

კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულებაში ცვლილება განიხილეს და მხარი დაუჭირეს.


კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, კომიტეტის დებულებას ემატება „კ“ ქვეპუნქტი და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: კულტურის კომიტეტი კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტების მერიებთან და მათ დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან - კულტურის ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას.


„მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები კულტურის ორგანიზაციების სახით. ეს ორგანიზაციები წარმოადგენს სოლიდურ წილს კულტურის სფეროში, რომლებიც ადგილზე ახორციელებენ სხვადასხვა დარგის ხელშეწყობას და განვითარებას. ა(ა)იპ-ები არ გახლავთ კულტურის სამინისტროს სისტემაში. ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ამ კულტურის ორგანიზაციებთან და ვიზრუნოთ ამ ორგანიზაციების წინსვლისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


​კომიტეტმა ასევე დაუჭირა მხარი კულტურის კომიტეტთან არსებული ორი - ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოების შექმნას. სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობები დაამტკიცეს.