საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კულტურის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა 

მედია და საზოგადოება 14 ნოემბერი 2025
კულტურის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა 

კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

როგორც თეა ონიანმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციით მიმდინარეობს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის  სფეროში მონიტორინგისა და ინსპექტირების პროცესებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.  

მომხსენებელმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენის საკითხზე და დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


მისი თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას კიდევ ერთი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაემატება.

„უახლოეს მომავალში გვექნება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კიდევ ერთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“, რაც დიდი აღიარებაა ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის“, -  განაცხადა თეა ონიანმა. 

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებული პრობლემების ერთობლივად გაანალიზება და მათი გადაჭრისთვის შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობა.

„პრობლემებზე საუბარი აუცილებელია. მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის საკითხში ჩართული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ასევე კულტურის სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები. ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენასა და მათ რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
​

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.