საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კულტურის კომიტეტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

მედია და საზოგადოება 13 May 2026
კულტურის კომიტეტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

 

საკითხი სხდომაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ წარადგინა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, მშენებლობის საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თუმცა, აღნიშნული წესი არ მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვასთან მიმართებით.

 

ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი გახდება დაადგინოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი. რაც საშუალებას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს გამარტივებული წესით მოახდინოს საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

გიორგი გაბუნიას თქმით, ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების უფრო სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ბიუჯეტიდან გასაწევ დამატებით ხარჯებს.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.