
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მიენიჭება, განსაზღვროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებები განხორციელდა და შინაარსობრივი ნაწილი უცვლელი დარჩა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში კულტურულ მემკვიდრეობასა და სარეაბილიტაციო პროცესებთან დაკავშირებულ პროცედურებს და უფრო მოქნილ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის.
გიორგი გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანი შესწავლა თბილისში, განსაკუთრებით იმ არეალებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მრავლად არის წარმოდგენილი.
როგორც მან აღნიშნა, პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ხელოვნებათმცოდნეები და დარგის ექსპერტები.