საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

 

მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან შარშან საქართველოში რადიომაუწყებლობის დაწყებიდან 100 წლისთავი შესრულდა.

 

„2025 წელს საქართველოს რადიო 100 წლის გახდა და რადიოარხს - „საქართველოს რადიო“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სიმბოლურია, რომ სწორედ 2025 წელს, მშენებლობის ხუთწლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა და ტელევიზიის ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა, რამაც სხვადასხვა თემატური, ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობები გააჩინა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, 2025 წელი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - „საბავშვო ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ჩატარებას უკავშირდება.

 

მისი განცხადებით, თბილისში ჩატარებულმა საბავშვო ღონისძიებამ ევროპის ქვეყნებში ჩატარებულ კონკურსებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო.

 

ვასილ მაღლაფერიძემ საანგარიშო პერიოდში ახალ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2025 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეფილმების წარმოება დაიწყო და ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება შეიძინა, რაც შემდგომში ტრადიციად იქცევა. მისივე თქმით, 2025 წელს აქტიურად გრძელდებოდა როგორც სპორტული, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების ტრანსლირება და საზოგადოებისთვის გაცნობა.

 

რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიისთვის ახალი შენობის აშენების გადაწყვეტილება არის მიღებული და ორი წლის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობით და ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით მაყურებლებს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

 

კულტურის კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

 

„საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ტელევიზიას ყველა შესაძლებლობა და პირობა აქვს იმისთვის, რომ მრავალწლიანი ტრადიცია, რომლითაც ის გამოირჩეოდა, მომავალშიც ღირსეულად გაგრძელდეს და საზოგადოებას არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.