საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ
პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი
ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კრისტინ ბლოუერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი
რობერტო მონტელა.