
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა, გადამეტებული პოლიტიზება ეუთო-ს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აქცევს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით.
ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.
ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს.
როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ.
ქვეყნები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არა საერთო პრინციპების დამცველად, არამედ შერჩევითი პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლად. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მონაწილეობას, შესუსტებულ თანამშრომლობას და ასამბლეის თანდათან მარგინალიზებას. ამით ჩვენ ვასუსტებთ იმ ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, რომლის დაცვაც ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.