
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტის წევრებსა და სტაჟიორებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში კომპანიების - „RMG Copper“-ისა და „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ აქტიურად ახორციელებს რეგიონში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
პარლამენტის წევრებმა კომპანიების - „RMG Copper“-ისა და „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიები, მადნეულის კარიერი მოინახულეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვითი მონიტორინგის, არსებული გამოწვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
პარლამენტის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით კამპანიაში - „მე დავრგე ხე“, რომლის მიზანიც ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა. კამპანიის ფარგლებში, კაზრეთის სანაყაროს ტერიტორიაზე 264 ხე დაირგო.