
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ ცოდნისა და განათლების, არამედ პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა საქართველოში, სადაც მიღებული განათლება ემყარება ევროპულ ღირებულებებსა და კვლევებს. აღნიშნული კი, ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს, იაზროვნოს გლობალურად და იმოქმედოს ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა გერარდ კრამერმა.
ცერემონიის ბოლოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატმა, ზაზა ლომინაძემ. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.