
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები იმ კანონპროექტებს გაეცნენ, რომლებსაც პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.
„თბილისში ავარიული და დაუმთავრებელი მშენებლობების ჩანაცვლების ხელშეწყობის პროგრამები მიმდინარეობს. ამ პროცესში გამოვლინდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა კორექტირებას საჭიროებს. წლების წინ მიღებული კანონით, სამშენებლო ობიექტებზე ხე-მცენარეების ჭრაზე 25%-იანი შეზღუდვა დაწესდა, რამაც შედეგი გამოიღო. ხე-მცენარეების არამართებულმა ჭრამ მნიშვნელოვნად იკლო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავარიული და დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის განსაკუთრებული პირობები გვაქვს დანერგილი, რომელიც ახლებურ მიდგომას საჭიროებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
წარმოდგენილი კანონპროექტით, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება ეძლევა, განსხვავებული რეგულაციები დააწესოს დაუმთავრებელი და ავარიული მშენებლობების დასრულების/ჩანაცვლების ხელშესაწყობად.
კანონპროექტით იცვლება მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესის დაზუსტებას ითვალისწინებს, მათ შორის, იმ ნარგავების კატეგორიების მკაფიო განსაზღვრას, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას ექვემდებარება და აგრეთვე, იმ ნარგავების გამორიცხვას, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლების ან ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.
მაგისტრალური საავტომობილო გზებისა და გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვის მიზნით, სახელმწიფო სპეციალური კომპანიის შექმნა იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებში.
კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, სტრატეგიული მაგისტრალური გზების და გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვის მიზნით, სახელმწიფო გზების დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, შექმნას მის მართვაში არსებული იურიდიული პირი-სპეციალური კომპანია, რომელიც გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს სრულად ან ნაწილობრივ განახორციელებს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული კომპანია, სადაც 163 თანამშრომელი დასაქმდება, გორი-არგვეთას 105 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მათ შორის, 138 ხიდსა და 59 გვირაბში, მთელი წლის განმავლობაში შესაბამის სამუშაოებს და პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.
კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
კომიტეტი ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ - „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით გაეცნო.
საკითხის მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა, 2030 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ცვლილების მომზადება ევროკომისიის დირექტივას უკავშირდება, რომლის იმპლემენტაციისთვის და ქართულ კანონმდებლობაში დანერგვისთვის კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა გახდა საჭირო.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე კომიტეტის წევრები გამარტივებული წესით განსახილველ კანონპროექტებსაც გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, ორი წლით გადაიწევს აღნიშნული კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სადრენაჟე მომსახურების ტარიფის დასადგენად, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას უზრუნველყოფს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შესაძლებლობა მიეცემა, დამატებით განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რის შემდეგაც ჭარბი წყლის სადრენაჟე, დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟე მომსახურების ტარიფს დაადგენს.
რაც შეეხება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა, ცვლილების თანახმად, არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2026 წლის 20 დეკემბრიდან ამოქმედდება.
კომიტეტის წევრებმა გამარტივებული წესით განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.