
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომიტეტის წევრები და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს ესტუმრნენ და საეკლესიო ლიტურგიას დაესწრნენ.
„ზემო აჭარაში სტუმრობისას სხალთის მონასტერი მოვინახულეთ. ეს მე-12 საუკუნეში აგებული ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც ავბედით პერიოდს გადაურჩა და დღემდეა შემორჩენილი. საქართველო წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. წლის განმავლობაში იმ წმინდა ადგილების მონახულებას ვაპირებთ, რომლებმაც ქრისტიანობა, ჩვენი იდენტობა და რწმენა შეგვანარჩუნებინეს. სხალთის მონასტერი ნამდვილად სამაგალითოა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რუდუნებით შეინარჩუნეს რწმენის ეს აკვანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
„საქართველო წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. პარლამენტს დაგეგმილი აქვს, ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი საქართველო მოიცვას. აჭარა გამორჩეულია - სწორედ აქ იქადაგა პირველად ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა და ეს მხარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულია“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
სხალთაში სტუმრობისას პარლამენტის წევრებმა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ზემო აჭარის უკანასკნელი მთავრის, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.