ამ ერთობლივი წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩაერთნენ საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.
თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები.
რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბირიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე, როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად.
ქვემოთ არის მოცემული მარტივი არგუმენტები იმისა, თუ რატომ არის დეზინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა:
აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე, როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა.
წლების მანძილზე აშშ-ის კანონმდებელთა ორპარტიულად მხარდაჭერილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.
რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე ( რუსეთის მიერ 1993 წელს აფხაზეთის და მისი სანაპირო ზოლის დაკავებით, 2014 წელს კი უკრაინის ყირიმის ანექსიით) საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის.
როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მრავალი კუთხით მონაწილეობს. მათ შორის არის ნატოსთან ინფორმაციის ორმხრივად მიმოცვლა, ნატოს ქვეყნების სამხედრო გემების ჩვენს საზღვაო აკვატოტრიაში საპორტო ვიზიტები და ერთობლივი სამხედრო წრვთები და თავსებადობის ამაღლება. ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის.
დაბოლოს, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით, ვფიქრობთ, ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს, ერთი მხრივ, საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობებების გასაძლიერებლად, საერთო დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.