
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.
კანონპროექტით პრიორიტეტის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი განისაზღვრება.
ცვლილების თანახმად, გაფართოვდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი საფასური გადაიხდება. კერძოდ, კანონს დაემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურები.
გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც მოწესრიგდება ვადის დაუცველობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.