
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება.
კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალდებულოს. კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.
ასევე „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელზეც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი, საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ 30-ზე მეტ კომპანიას 2026 წლის 31 დეკემბერს ლიცენზიის ვადა ეწურება.
მოქმედი კანონმდებლობა ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. იმისთვის, რომ აღნიშნულმა რადიო მაუწყებლებმა უწყვეტად და არსებული პირობებით გააგრძელონ მაუწყებლობა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაა აუცილებელი.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს, წარმოდგენილი ცვლილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა ერთჯერადად, 2031 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ამასთან, ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელები სალიცენზიო მოსაკრებელსა და გადასახადს გადაიხდიან.