
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააცნო, სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალდებულოს.
პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით, 76 ხმით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს. აღნიშნულ ინიციატივაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა. ცვლილების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი, საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ერთჯერადად, 2031 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამასთან, ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელები სალიცენზიო მოსაკრებელსა და გადასახადს გადაიხდიან.