საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ელექტროშოკურ მოწყობილობას, ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღსა და გაზის აეროზოლურ მოწყობილობას ეხება

პლენარული სხდომები 25 ნოემბერი 2025
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ელექტროშოკურ მოწყობილობას, ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღსა და გაზის აეროზოლურ მოწყობილობას ეხება

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით ერთის წინააღმდეგ „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.


პროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება. ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.


კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას/ნებართვას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანა, დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.

საკანონმდებლო ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლებამოსილება ექნება მხოლოდ იმ პირს რომელსაც 18 წელი შეუსრულდა.


კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.