
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი საკანონმდებლო ინიციატივით, საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის (ნაცვლად 21 წლის) და არაუმეტეს 40 წლის (ნაცვლად 35 წლის) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კანონით და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
კანონპროექტით წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი, თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით. ასევე, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სამსახურის ვადის გაგრძელება ზღვრულ ასაკს ზემოთ, არაუმეტეს 5 წლის ვადით.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 ხმით მიიღო.