საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 13 დეკემბერი 2024
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს და 84 ხმით მხარი დაუჭირეს.


კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან.


პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, აირჩევა საკრებულოს 4 წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია - აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.


განსხვავებულად დაკომპლექტდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.


კერძოდ, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.


​როგორც მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, კანონპროექტს საკომიტეტო განხილვისას ცვლილებები არ განუცდია.