
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღეს „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.
კანონპროექტის მიზანი სატყეო სექტორში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება, ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა.
პროექტი ტყის დაცვის გაძლიერებას, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდება.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსში ჩნდება ტერმინი - ტყის ფიზიკური დაცვა (ტყის მცველი). ტყის მცველი პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. კანონპროექტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს.