საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

პლენარული სხდომები 28 ნოემბერი 2024
პარლამენტმა სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა „2025-2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარუდგინა.

 

ირაკლი კობახიძემ თავისი გამოსვლა ქართველი ხალხისთვის მიმართვით დაიწყო.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

 

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება მომავალი 4 წლის განმავლობაში პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ეკონომიკაზე, ჯანდაცვის დარგებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საგარეო და სამეზობლო პოლიტიკის ხედვებზე გაამახვილა.

 

„2012 წელს ჩვენ უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა - ქვეყანაში იყო უმძიმესი ავტორიტარიზმი, ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, ბიუჯეტი კი 8.5 მილიარდი ლარი იყო, უმუშევრობა თითქმის 27%-ს, საშუალო ხელფასი კი 712 ლარს შეადგენდა, სიღარიბე -30% იყო, არ არსებობდა არავითარი ხელშესახები ჯანდაცვის პროგრამები და ქვეყანაში მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა. დღეს ხედავთ, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა მოქმედებს, ეკონომიკა 90 მილიარდ ლარამდეა, ბიუჯეტი კი 28 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. ამასთანავე, განახევრდა უმუშევრობა, საშუალო ხელფასი კი 2000 ლარს აჭარბებს, 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, ქვეყანაში შემოღებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და თვისებრივად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. ყველა ამ მიმართულებით ზრუნვა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თმით, მთავრობის უმთავრეს ამოცანას სიღარიბის დაძლევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა წარმოადგენს. მათი შესრულება კი დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე გლობალურ ტენდენციებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

 

„ჩვენ ქართული საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ პირნათლად შევასრულებთ სამთავრობო პროგრამას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგარეო პოზიციების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის შედეგი ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება და ყველაფრის შედეგი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება იქნება. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.