საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 09 ივნისი 2026
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.


კანონპროექტის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
ამასთან, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან გარდა იმ კურსდამთავრებულებისა, რომლებსაც დიპლომში პირდაპირ უწერიათ, რომ მიენიჭათ ბაკალავრის ხარისხი.