
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
მინისტრი პარლამენტის წინაშე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარდგა.
კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების რეფორმასა და დაფინანსების პოლიტიკას, მათ შორის, დაფინანსების ახალი წესს, მოდელსა და მეთოდის არსს, რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ საკადრო პოლიტიკას, უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებსა და რეფორმის კონცეფციას შეეხებოდა.
უმაღლესი განათლების რეფორმასთან ერთად, მინისტრთან გაგზავნილ კითხვებს შორის იყო ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.
„საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმები ფუნდამენტურია, რომლის შედეგებს აუცილებლად ვნახავთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ფრაქციის მიერ მინისტრის მიმართ გაგზავნილი 44 კითხვიდან 9 სრულად სცდებოდა იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება.
გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ორკომპონენტიან სისტემას ეფუძნება, რომელიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობას და ფინანსურ ავტონომიას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უნივერსიტეტები 2 ძირითადი წყაროდან დაფინანსდებიან - საბაზო დაფინანსება და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება. მინისტრის თქმით, აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საქართველოს მოქალაქეების სწავლება სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ითვალისწინებს აკადემიური პროგრამების განსხვავებულ ღირებულებებს სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით, განსაზღვრავს დივერსიფიცირებული დაფინანსების სქემას, უნივერსიტეტების დაფინანსებას სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესსა და სტუდენტის მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დასაფარად.
მინისტრის განმარტებით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება განისაზღვრა მისი სპეციფიკის, რესურსული საჭიროებისა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეფასების საფუძველზე.
რაც შეეხება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს, ის მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს - როგორიცაა განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვლევის განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება, ინტერნაციონალიზაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
„წარმოდგენილი დაფინანსების მოდელის დანერგვა შექმნის საფუძველს, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეძლონ შრომის ბაზრისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, მაღალი ხარისხის სწავლებისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფა, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
აბიტურიენტთა ცნობართან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აბიტურიენტებისთვის სრულად იყო უზრუნველყოფილი როგორც ინფორმაციის მიღების, ისე გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებისა და რეგისტრაციის შესაძლებლობა.
მინისტრმა ინტერპელაციის ინიციატორებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული უმაღლესი განათლების სისტემის პროფილური კონცენტრაციის პოლიტიკის ფარგლებში, ხორციელდება აგრარული განათლებისა და კვლევის მიმართულებების ინსტიტუციური გაძლიერება სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საჯარო რესურსების ეფექტიანი, რაციონალური და მიზნობრივი გამოყენების პრინციპებს, აგრარული განათლებისა და კვლევის განვითარების სახელმწიფო ინტერესს, უმაღლესი განათლების სისტემაში პროფილური სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების პოლიტიკას“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
მისი თქმით, სასწავლო, ინფრასტრუქტურული და ლაბორატორიული რესურსების გამოყენება ხორციელდება უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, როგორც მინისტრმა განმარტა - პერსონალთან დაკავშირებული ურთიერთობები შესაბამისი კანონისა და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე რეგულირდება.
მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები ფუნქციონირებას მილევად რეჟიმში, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით აგრძელებენ და შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკადრო პოლიტიკის მიმართულებით რეფორმა მიზნად აკადემიური რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას ისახავს.
„რეფორმის მიზანი არა ინდივიდუალური, აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასებაა, არამედ ისეთი ინსტიტუციური გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური რესურსის მაქსიმალურ კონცენტრაციას ერთ უნივერსიტეტში. ამავდროულად, რეფორმა გააფართოებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და გაზრდის სისტემის კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა უნივერსიტეტებში კვოტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, 2026 წელს მიღება 21 600 სტუდენტზე გამოცხადდა.
გივი მიქანაძემ პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო XI კლასში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირებაზე.
რაც შეეხება XII კლასს, მისი განცხადებით, ეს საკითხი მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად რჩება.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და სკოლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზების მნიშვნელობაზე. მან სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირებასა და სკოლებში ახალი კადრების შემოყვანის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის სტანდარტის უზრუნველსაყოფად სახელმძღვანელოების განახლებასა და ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დანერგვაზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია, გადაწყვეტილებები კვლევებს, მონაცემებს და რეალურ საჭიროებებს ეფუძნებოდეს. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა დაფუძნებულია კვლევებზე, ფართო თანამონაწილეობაზე, პილოტირების ეტაპსა და საბოლოო დანერგვაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ინტერპელაცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.