
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი განიხილა ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
როგორც მომხსენებელმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად დამტკიცებული განაცხადი და მონაცემები შეიცვალა.
„განაცხადიდან სრულიად არის ამოღებული საბაზისო სარგოს ზრდა და დანამატი - 5 მილიონ 410 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 670 ათასი ლარით შემცირდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვები ასევე შემცირებულია 4 მილიონ 40 ათასი ლარით. შესაბამისად, კორექტირების შედეგად, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შემცირდა 10 მილიონ 120 ათასი ლარით და შეადგინა 58 მილიონ 428 ათასი ლარი“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
მისი თქმით, საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის 47 მილიონ 583 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების ხარჯებს წარმოადგენს.
„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2027 წელი მოსამზადებელ ეტაპად განიხილება 2028 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, 11.5 მილიონი ლარი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისთვის, უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ლიცენზიების ვადების გაგრძელებისა და აღჭურვილობის ნაწილობრივ განახლებისთვის არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ.
როგორც გიორგი შარაბიძემ განაცხადა, თანხები გათვალისწინებულია ასევე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის რეაბილიტაციისთვის, სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისთვის, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის.