საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2026
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

 

პროექტის თანახმად, იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია“, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.

 

ამასთან, კანონპროექტით შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, პირები, რომლებიც ფლობენ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.

 

კანონპროექტით აგრეთვე იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.

 

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ტერმინის - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემიის“ განმარტება.

 

დიპლომატიის აკადემია ექცევა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კატეგორიაში. ამასთან, განისაზღვრება აკადემიის რექტორისა და დეკანის არჩევის/დანიშვნის განსაკუთრებული წესები. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დიპლომატიის აკადემიის დაფინანსების წყაროა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება.

 

„წარმოდგენილი ცვლილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოში მაღალი სტანდარტების აკადემიის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სათანადო კვალიფიკაციისა და შესაბამისი ინტელექტის მქონე პროფესიონალთა მომზადებაში. ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით, რათა ეფექტიანად დაიცვან და წინ წაწიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“, - განაცხადა მომხსენებელმა.