საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 03 Jun 2026
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი) №5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილა. 

საკითხი განსახილველად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.

ცვლილება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას ითვალისწინებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ  ფოთის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებია დარჩენილი, რომლის დასრულება წელს იგეგმება. 

კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის NDEC-I 1/119-VI/2024 გადაწყვეტილებას“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, შეთანხმება არ შეიცავდა დეტალურ პროცედურას მისი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოქმედი რედაქციის საფუძველზე, შეთანხმების მოქმედების ვადა გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილება იძლევა საშუალებას, შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად (არა უმეტეს 5 წლიანი პერიოდით) უკვე საბჭოს მხრიდან გახანგრძლივდეს. 

მომხსენებლის განცხადებით, ამ შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ამიტომ საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონერებს და ადგილს იმკვიდრებს, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე 4 000 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული ზეთისხილის ბაღები.