საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

მედია და საზოგადოება 08 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც გააცნო, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.



ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. მათ შორისაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.


როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ცვლილებები რეგლამენტის კიდევ უფრო მეტად დახვეწას ითვალისწინებს.

„ახალი რეგლამენტით ბევრი პროცედურა დაიხვეწა და პარლამენტის საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმართ გვაქვს შემოთავაზება რიგი დებულებების კიდევ უფრო მეტად დახვეწასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვაზე, რომელიც იუნესკოს ნომინაციაზე „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ წარსადგენად,  კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნასა და მისი შემადგენლობის დამტკიცებას შეეხება.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რისთვისაც სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხორბლის, პურის ცხობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე იმუშავა, რაც წარმატებით დასრულდა. დღეს, არათუ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ, კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. სწორედ, წარმატებული პროცესიდან გამომდინარე, იყო ინსპირაცია, რომ მათ შორის, ლუდის ხარშვის ტრადიციის მომზადება იუნესკოს ნომინაციაზე მოხდეს. ამ მხრივ, წინა გამოცდილებით, პარლამენტი კარგი პლატფორმაა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე, სამეცნიერო წრეების ჩართულობის. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ამ თემის პოპულარიზაციაშიც მივიღოთ მონაწილეობა.  იმედი გვაქვს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის განმავლობაში შევძლებთ იუნესკოზე კიდევ ერთი ქართული კულტურის ტრადიციის აღიარებას, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.