საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა.

 

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ გახსნა.

 

„დღეს გვაქვს ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს პარლამენტი, რათა ერთად ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ჩვენს სახელმწიფოში. 17 მაისი არის არტერიული ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს დააარსა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და რა თქმა უნდა, მას საქართველოც შეუერთდა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი ინფორმაციით, არტერიული ჰიპერტენზიით, საქართველოში დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ადამიანია დასნეულებული.

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ გამოწვევის დასაძლევად, რათა მივაღწიოთ სამიზნე ციფრებს და 2027 წელს 50%-მდე გავზარდოთ იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობის შედეგად მიღწეული იქნება ნორმალური არტერიული წნევა. ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

 

მან ღონისძიების ჩატარების ინიციატივისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

 

„დღევანდელი ღონისძიება ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების მიქცევა, განსაკუთრებით კი ისეთი სნეულებების მიმართ, რომელიც თითქოს ჩუმად მიმდინარეობს და რომელთა არსებობა უყურადღებოდ არის დარჩენილი, მაშინ, როდესაც ის ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის მესამედს აწუხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება თითოეული ადამიანის მიერ, რადგან ეს სნეულება ნელ-ნელა აზიანებს ჯანმრთელობას და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვე ეპოქა სავსე არის ისეთი მოვლენებით, რომელიც თავის მხრივ, ჰიპერტენზიის პროვოცირებას იწვევს.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ცხოვრების ხარისხზე, მის გარშემო მყოფ ადამიანებთან საერთო კეთილდღეობაზე.

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღის და ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, ვინაიდან მართლაც განსაკუთრებულია მნიშვნელობა, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიას ენიჭება. მსგავსი ინიციატივები არის ერთმნიშვნელოვნად ის, რაც შეიძლება ყველაზე მეტად ეფექტური აღმოჩნდეს ჯანმრთელობის დაცვის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების საქმეში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს.

 

„ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მაქსიმალურად იქნება ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია, მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი თავის დაცვას ყოველდღიური ჩვევების სწავლით, რომლის შედეგადაც, მძიმე შემთხვევები მინიმიზირებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, სადაც პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „პრობლემის აქტუალობა კარდიოვასკულურ ჭრილში“; „ჰიპერტენზია – მსოფლიო და ქართული ტვირთი“; „დაავადების პრევენციის მნიშვნელობა მულტიმორბიდულ ჭრილში“.