
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავშირების განმტკიცების პროცესში. ნინო წილოსანმა კანადის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ქვეყნის სტრატეგიულ როლსა და დასავლური კურსისადმი მის ერთგულებას დაეთმო.
„კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საქართველოს როგორც ევროკავშირისთვის, ისე მთლიანად დასავლური სამყაროსთვის აქვს. კანადის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა. იმედია, ეს ინტერესი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, ხელი შეუწყონ ორმხრივ ვიზიტებს და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.