
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების და ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის სამუშაო შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოში გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა თელ-ავივის მერთან, რონ ჰულდაისთან გაიმართა.
მხარეებმა თბილისსა და თელ-ავივს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა თელ-ავივის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხრივ, ინოვაციური ქალაქის როლს.
თბილისის მერმა რონ ჰულდაის თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თელ-ავივის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
თელ-ავივის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ივლიანე წულაია, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, გრიგოლ მიქელაძე და ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძე.