
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე საინიციატივო ჯგუფ „საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის“ წევრებს შეხვდა. აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.
შეხვედრისას დეპუტატმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„ჩვენი მიზანი საქართველოში ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და სამაგალითო იქნება. მომავალი თაობის განათლება ის მყარი საფუძველია, რომელზეც ქვეყნის პროგრესი, ეკონომიკური განვითარება და ძლიერი სახელმწიფო შენდება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მოთხოვნადი და პრაქტიკულად ორიენტირებული პროფესიების განვითარებას, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზრის საჭიროებებს პასუხობს.
მან ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ინიციატივებზე, მათ შორის, სასკოლო ფორმების შემოღებასა და სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების რეგულირებაზე.
დეპუტატის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მიმართულების გაძლიერება და მისი ინტეგრირება უმაღლესი განათლების სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ვლადიმერ ბოჟაძემ სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან მომავალში აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.